Tuesday, March 29, 2011

92 - ერნესტ ჰემინგუეი


ერნესტ მილერ ჰემინგუეი ( ივლისი 21, 1899 - ივლისი, 1961) იყო ამერიკელი ნოველისტი და ჟურნალისტი.  იგი ასევე იყო პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი. ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის "დაკარგული თაობა" . მან 1953 წელს მიიღო პულიცერის პრემია , ნაწარმოებისთვის ”მოხუცი და ზღვა” . 194 წელს კი მას ლიტერატურის დარგში გადაეცა ნობელის პრემია.



 ჰემინგუეის გამორჩეული წერის სტილი გამოიხატება მის მინიმალიზმში ამიტომაც მისი ნაწარმოებები ადვილი გასაგებია. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს - მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც "ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ".

პირველი მსოფლიო ომი 

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს ჯარში სურდა ჩარიცხვა, რომ პირველ მსოფლიო ომში მიეღო მო­ნაწილეობა, მაგრამ თვალის ტრავმის გამო არ გაიწვიეს და 1917-1918 წლებში კანზასის გაზეთ ”სტარში” კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა. თუმცა ომში წასვლა მაინც არ გადაუფიქრებია და ცოტა ხანში მოხალისედ გაემგზავრა და იტალო-ავსტრიულ ფრონტზე ამერიკის წითელი ჯვრის ქვედანაყოფში სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მოეწყო. 1918 წლის ივლისში სერიოზულად დაიჭრა ფეხში, მაგრამ მაინც მოახერხა, დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. სამხედრო მამაცობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს იტალიური ორდენებით.
ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფს ამერიკელი მედდა შეუყვარდა. ათი წლის შემდეგ ეს სასიყვარულო ამბავი, ასევე სამხედრო გამოცდილება დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს ”მშვიდობით, იარაღო!”

სამწერლო წარმატება 

ოუკ-პარკში ომის გმირად დაბრუნებული იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის მშობლიურ მხარეში ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენი იყო და ჩიკაგოური ჟურნალის რედაქციაში მოეწყო სამუშაოდ. სწორედ იქ გაიცნო მწერალი შერვუდ ანდერსონი, რომელმაც დაარწმუნა, ამერიკული დასავლეთის ”უსულობას” გასცლოდა და ევროპაში გამგზავრებულიყო. 1921 წელს, ჰედლი რიჩარდსონზე დაქორწინების შემდეგ, ჰემინგუეი ევროპაში გაემგზავრა.
რამდენიმე მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებამ ჰემინგუეის ყურადღება მიაქცია. მისმა ორიგინალურმა წერის მანერამ და თხრობის სტილმა მკითხველზე შოკური ეფექტი მოახდინა. ამას დაემატა ჰემინგუეის, როგორც პიროვნებისადმი გამოჩენილი ყურადღება. მით უმეტეს, რომ თვითონ აქტიურად ცდილობდა, ”მამაცი გმირის” სახე დაემკვიდრებინა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილმა მცირე ძალისხმევა როდი გამოიჩინა, რომ ჯერ შეექმნა, შემდეგ კი ყველას თვალში გაემყარებინა შთაბეჭდილება საკუთარ თავზე, როგორც ჯარისკაცსა და სამხედრო კორესპონდენტზე, მამაც ადამიანზე, რომელიც გამუდმებით მიიწევს თავგადასავლებისკენ, კრივის, ნადირობის, თევზაობისა და ხარების ბრძოლის მოყვარულ ადამიანზე.
1930-იან წლებში, როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, ”ვარსკვლავურმა დაავადებამ” შეიპყრო და წერაზე მეტად საკუთარი თავის წარმოჩინებით იყო დაკავებული.

პირადი ცხოვრება

ჰემინგუეი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებებიდან სამი ვაჟი დარჩა. პირველი რამდენიმე წელი, რომელიც პირველ ცოლ ჰედლი რიჩარდსონთან გაატარა, თითქმის იდეალური იყო. მათი ქორწინება დაირღვა, როცა მან მშვენიერი პოლინ პფეიფერი გაიცნო. ჰედლისთან განქორწინებას ჰემინგუეი ცხოვრების ბოლომდე თავისი ცხოვრების ”უდიდეს ცოდვას” უწოდებდა.
პოლინთან თორმეტი წელი იცხოვრა, მერე იყო მარტა, რომელიც ესპანეთში გაიცნო. მალე დაახლოვდნენ, მაგრამ მალევე გაიყარნენ.
ჰემინგუეის მეოთხე ცოლი, მერი უელში, თითქოს მისი შეკვეთით იყო შექმნილი. მომთმენი, ლამაზი, ჰემინგუეიზე ცხრა წლით უმცროსი, ქმარს მოწიწებით ეპყრობოდა და ეთაყვანებოდა. ჰემინგუეი მას ”ჯიბის რუბენსის ნახატს” უწოდებდა. ჰემინგუეის სიცოცხლის ბოლომდე ისინი ერთად ცხოვრობდნენ იმის წყალობით, რომ მერი თავისი ქმრის ბევრ საქციელზე ხუჭავდა თვალებს. მან  61 წლის ასაკში 1961 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.








გამოყენებული ლიტერატურა :

1) http://hemingwayernest.blogspot.com/
2) http://ka.wikipedia.org/wiki/ჰემინგუეი
3)  100 person who changed world  გამომცემლობა :  Editors of Life

No comments:

Post a Comment