Monday, April 4, 2011
83 - ლეხ ვალენსა
ლეხ ვალენსა (პოლ. Lech Wałęsa, [lɛx vaˈwɛ̃sa]); (დ.29 სექტემბერი 1943) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, აქტივისტი და ადამიანთა უფლებების დამცველი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების "სოლიდარობის" ყოფილი ხელმძღვანელი.
მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ლეხ ვალენსა თავისუფლებისთვის მებრძოლი მამაცი და შეუპოვარ ადამიანად არის ცნობილი. ის სათავეში ედგა პოლონურ მოძრაობა „სოლიდარობას“. ორგანიზაციას, რომელმაც კომუნიზმის დამარცხებაში პოლონეთსა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი როლი შეასრულა. მან თავისი მოყვაწეობა უბრალო მუშის სტატუსით დაიწყო და ბოლოს პოლონეთის პრეზიდენტი გახდა.
ლეხ ვალენსამ 1983 წელს ნობელის პრემია მიიღო, ხოლო „რკინის ფარდის“ დემონტაჟის შემდეგ კი, პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე 5 წელი დაჰყო.
სოლიდარობა 1980-იან წლებში
1970–1980–იან წლებში სოციალისტურ ბანაკში გააქტიურდნენ დისიდენტური ორგანიზაციები. ამას ხელი შეუწყო საბჭოური სტილის საზოგადოებებში მორალის თანდათანობითმა დაცემამ, გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ცივი ომით გამოწვეულმა მზარდმა სტრესმა. გამონაკლისი არც პოლონეთი იყო. 1979 წელს თავის სამშობლოს ეწვია რომის პაპი იოანე-პავლე II, მას უამრავი თანამემამულე დახვდა. პაპმა მათ მოუწოდა პატივი ეცათ ეროვნული და რელიგიური ტრადიციებისთვის და გამოვიდა თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნით. ის გახდა მოახლოებულ ცვლილებათა სიმბოლო და წინამძღოლი.
1980 წელს პოლონეთში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა საქონელზე ფასების გაზრდა, ამავე დროს შრომის ანაზღაურება უნდა შემცირებულიყო. ამ ნაბიჯს მოჰყვა სხვადასხვა ქარხნის მუშათა გაფიცვები . 14 აგვისტოს გდანსკის გემთმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვას სათავეში ჩაუდგა ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა. რამდენიმე დღეში გაფიცვას დაახლოებით 200 ქარხანა შეუერთდა. მათმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა 21 მოთხოვნა, მათ შორის დამოუკიდებელი პროფკავშირის ქონისა და გაფიცვის უფლება. მთავრობა იძულებული გახდა მუშათა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 1980 წლის 31 აგვისტოს მათ მუშებთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომელთაც გდანსკის შეთანხმებები ეწოდა. ამ წარმატებით ფრთაშესხმულმა ლეხ ვალენსამ მალე ჩამოაყალიბა პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელსაც „სოლიდარობა“ უწოდა. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირული ორგანიზაცია საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში. ორგანიზაციამ ქვეყანაში მალე მოიპოვა პოპულარობა. გდანსკის შეთანხმებიდან დაახლოებით 500 დღეში ამ ორგანიზაციაში 10 მილიონი მუშა, ინტელექტუალი თუ სტუდენტი გაწევრიანდა ეს იყო აქამდე ცნობილი პირველი შემთხვევა, როცა მოსახლეობის მეოთხედი თავისი სურვილით ერთ ორგანიზაციას ნებაყოფლობით შეუერთდა.
გაფიცვა გდანსკში 1980 წელს
„სოლიდარობამ“ ბიძგი მისცა ფართო ანტიკომუნისტურ არაძალადობრივ მოძრაობას, რომელმაც მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო კომუნიზმის დამარცხებას. სოლიდარობის პროგრამაში ნათქვამი იყო: „ჩვენი აზრი მიმართულია ... სამართლიანობის, დემოკრატიის, სიმართლის, კანონიერების, ადამიანის ღირსების, რწმენის თავისუფლებისა და რესპუბლიკის აღდგენისკენ“.
„სოლიდარობა“ აწყობდა გაფიცვებს და სხვა საპროტესტო ღონისძიებებს და ამით ის ცდილობდა ხელისუფლების იძულებას, ცვლილება შეეტანა სახელმწიფო პოლიტიკაში. ამავე დროს, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საკმარისად ფრთხილობდა, რომ არ დაეშვა ძალადობა ორგანიზაციის მხრიდან და ამით ხელისუფლებისთვის საბაბი არ მიეცა, რათა ამ უკანასკნელს ძალა გამოეყენებინა.
გდანსკის შეთანხმების შემდეგ პოლონეთის მთავრობა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან წნეხის ქვეშ მოექცა. ამ უკანასკნელის მოთხოვნა იყო მთავრობას გაემყარებინა თავისი პოზიცია. პრემიერ მინისტრად დაინიშნა გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი, რომელმაც დაიწყო გადამჭრელი ზომების მიღება „სოლიდარობის“ წინააღმდეგ. მან ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხა, უშიშროების სამსახურმა სოლიდარობის ლიდერები დააპატიმრა და იზოლაციაში მოაქცია. ამასთან ერთად, ერთ დღეში ორგანიზაციის 5000 მხარდაჭერი დააპატიმრეს. ყველაფერზე ცენზურა დაწესდა და სამხედრო ძალები ქუჩებში გამოჩნდნენ. რამდენიმე დემონსტრაციას მოჰყვა მსხვერპლი მოჰყვა. 1982 წლის ოქტომებრში სოლიდარობა აიკრძალა.
ცვლილებათა ქარი
1985 წელს საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი. მის სახელს საბჭოთა კავშირში გატარებული არაერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმა უკავშირდება, რასაც მოჰყვა ცვლილებები პოლონეთშიც. პირველი ნაბიჯი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იყო. 1988 წელს პოლონეთში გაფიცვები კვლავ დაიწყო. 1989 წელს ხელისუფლებამ „სოლიდარობა“ ლეგალიზებულად გამოაცხადა. ხოლო ივნისში შედგა საპარლამენტო არჩევნები. პოლონეთის სეიმში არსებობდა შეთანხმება, რომლის ძალითაც ადგილების 65 % კომუნისტებს უნდა მიეღოთ, სამაგიეროდ სენატში, სადაც ამგვარი შეზღუდვა არ არსებობდა, კომუნისტებმა მხოლოდ 100–დან 1 ადგილი მიიღეს. პრემიერ–მინისტრი ყოფილი ოპოზიციონერი თადეუშ მაზოვეცკი გახდა. ამ არჩევნებს მოჰყვა არაერთი მშვიდობიანი ანტიკომუნისტური რევოლუცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 1990 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც შედგა, სადაც გამარჯვება ლეხ ვალენსამ მოიპოვა.
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კაჩინსკიმ მას ბრალად დასდო 1970-იან წლებში კომუნისტურ უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. პოლონეთის პრეზიდენტმა ეს გნაცხადება გასულ წელს ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გააკეთა. მან ლეხ ვალენსა ე.წ. კაგებეს აგენტობაში დაადანაშაულა და მისი კოდური სახელიც, ფსევდონიმიც გაახმოვანა. კაჩინსკის მტკიცებით, ვალენსა „ბოლეკის“ სახელით მოქმედებდა. ეს ბრალდებები არ არის ახალი. ჯერ კიდევ 1992 წელს პოლონეთის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა კომუნისტური საიდუმლო სამსახურების აგენტების სია, სადაც ლეხ ვალენსას გვარიც ამოტივტივდა. თუმცა, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ სპეცსამსახურები ძალიან ხშირად ყალბ დოკუმენტებს ქმნიდნენ ამა თუ იმ პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით.
გამოყენებული ლიტერატურა
1) http://ka.wikipedia.org/wiki/სოლიდარობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment